PDA

View Full Version : საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ( პროფკავშირები )


Speaker
10-03-2008, 21:08
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფესიული კავშირების (ასოციაციები) ნებაყოფლობითი გაერთიანება, აქვს თავისი წესდება, რომელიც მიღებულია 1992 წლის 18 დეკემბერს. გაერთიანება მთელ თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რატიფიცირებული კონვენციებისა და რეკომენდაციების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს სამოქალაქო და შრომის კოდექსის, საქართველოს კანონების: “პროფესიული კავშირების შესახებ”, “კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების შესახებ”, “კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების წესის შესახებ”, “დასაქმების შესახებ,” “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”, საქართველოში მოქმედი სხვა კანონებისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.

გაერთიანების საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანებია მშრომელთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებების დაცვა. სისტემატiური და თანამიმდევრული მოქმედებით მშრომელთა ცხოვრების დონის ამაღლების, შრომის ღირსეული ანაზღაურების, მატერიალური უზრუნველყოფის, შრომის, ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების მდგომარეობის და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიღწევა.

პროფესიული კავშირების გაერთიანებები დამოუკიდებელნი არიან სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების, პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციებისაგან, არ არიან მათ წინაშე ანგარიშვალდებულნი და არ ექვემდებარებიან მათ კონტროლს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლობითი (არჩევითი) ხელმძღვანელი ორგანოებია ყრილობა და გამგეობა. გაერთიანების საანგარიშო ყრილობა მოიწვევა წელიწადში ერთხელ, ხოლო საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა ოთხ წელიწადში ერთხელ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ურთიერთთანამშრომლობს პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქმიანი ურთიერთობები დაამყარა გერმანიის, ამერიკის, პოლონეთის, ჰოლანდიის, დანიის, ინგლისის, საფრანგეთის, თურქეთის, ისრაელის პროფცენტრებთან, პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დარგობრივ სამდივნოებთან, რომელთა ხელშეწყობით და დაფინანსებით გაეთიანებაში განხორციელდა არაერთი სასწავლო პროგრამა, ამ პროგრამებით სწავლება-გადამზადება გაიარეს პროფკავშირის წევრებმა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სისტემატურად აღნიშნავს “მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს, 1 მაისს”.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დევიზი არის “შრომა, სამართლიანობა, სოლიდარობა”.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ვებსიათი არის:
www.gtuc.ge (http://www.gtuc.ge)